საოჯახო მშრომელთა ანაზღაურება, სამუშაო დრო და სოციალური დაცვა

სტანდარტული სამუშაო საათები საოჯახო შრომის სფეროში არ არსებობს, საოჯახო მშრომელები მუშაობენ ან გადამეტებული დროით ან პირიქით- მცირე ხანს. მსოფლიოში მომუშავე საოჯახო მშრომელთაგან მხოლოდ 34.8 % ანუ 26.3 მლნ მშრომელს გააჩნია ისეთი ნორმალური სამუშაო საათები, როგორიც სხვა მშრომელებს აქვთ. სიტუაცია კი განსაკუთრებით მძიმეა ღარიბ და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, ასევე მაგალითად არაბულ სახელმწიფოებში, სადაც 80 % საოჯახო მშრომელი ქალი დაწესებული საათობრივი სამუშაო ნორმის ზევით მუშაობს. გადამეტებული სამუშაო საათების არსებობა გამოწვეულია დაბალი საათობრივი ანაზღაურებით, ანუ საოჯახო მშრომელები ცდილობენ რომ რაც შეიძლება დიდხანს იმუშავონ, რათა შეძლონ ანაზღაურების გამომუშავება. სამუშაო საათების გადაჭარბებას როცა ვახსენებთ, ვგულისხმობთ კვირაში 48 საათზე მეტხანს მუშაობას. მსოფლიოს მასშტაბით, არაბულ ქვეყნებში და აზიაში განსაკუთრებით მწვავედ დგას აღნიშნული პრობლემა. რაც შეეხება ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ლათინურ ამერიკას, საოჯახო მშრომელებს შედარებით ნაკლები სამუშაო საათები აქვთ და იგი მერყეობს კვირაში 25-დან 34 საათამდე, რაც ასევე არასტანდარტული სამუშაო განაკვეთია. ეს გულისხმობს იმას, რომ საოჯახო მშრომელებს საათობრივად ქირაობენ კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად. ზოგიერთი მშრომელი რამდენიმე დამქირავებლისთვის მუშაობს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით საოჯახო მშრომელთა სამუშაო საათები იკლებს ლათინურ ამერიკაში, ასევე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, სადაც 44 % კვირაში 35 საათზე ნაკლებხანს მუშაობს. მსოფლიოში კი ჯამურად 14 % მუშაობს კვირაში 60 საათზე მეტხანს, ხოლო 12 % კი კვირაში 20 საათზე უფრო ნაკლებ ხანს.

 

ანაზღაურება

გლობალურად საოჯახო შრომის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული მინიმალური ხელფასის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ეხება მსოფლიოს ქვეყნების 65 %-ს, სადაც 26.5 საოჯახო მშრომელია დასაქმებული. დაბალი ხელფასი აღნიშნული შრომის სფეროში გამყარებულია იმ რწმენით, რომ ზრუნვისა და დალაგების საქმე ისედაც ქალების მიერ სრულდება და ეს განსაკუთრებულ უნარებს არ მოითხოვს, ამიტომ ანაზღაურება დაბალია.

 

გლობალურად, საოჯახო მშრომელები გამოიმუშავებენ სხვა მშრომელებთან შედარებით 56.4 %-ით ნაკლებ საშუალო თვიურ ანაზღაურებას და იგი ჩამოუვარდება ასევე მამაკაცი მშრომელების ანაზღაურებას. საშუალო თვიური ხელფასი განსაკუთრებით დაბალია თუ მას შევადარებთ ფორმალური დასაქმების სექტორში არსებულ საშუალო თვიურ ხელფასს. ყველაზე დიდი ანაზღაურება ფიქსირდება აზიისა და წყნარი ოკეანის არეალში, რაც გამოწვეულია სამუშაო საათების გადამეტებით ანუ საოჯახო მშრომელები ნორმაზე მეტხანს მუშაობენ რომ შესაბამის ანაზღაურებას მიაღწიონ. დაბალი ანაზღაურება საოჯახო შრომის სფეროში ხშირად აიხსნება იმით, რომ აქ მეტწილად ქალები არიან დასაქმებული და ქალები მსოფლიოს მასშტაბით ზოგადად მამაკაცზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ. საშუალოდ მსოფლიოში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დათვლით ქალები 20 %-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე კაცები. თუმცაღა, საოჯახო შრომის სფეროში ქალების დომინაცია არ შეიძლეაბ იყოს დაბალი ანაზღაურების ერთადერთი ამხსნელი ამ შემთხვევაში. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. მათ შორისაა არაფორმალურობის მაღალი დონე, შრომის ბაზრის ნაკლები რეგულირება, კოლექტიური ხელშეკრულებების არარსებობა და სხვა. საოჯახო მშრომელების გამორიცხვა მინიმალური ანაზღაურების სქემიდან ყველაზე დიდ და დამაზარალებელ გავლენას ახდენს მათზე. ბევრმა ქვეყანამ აირჩია სწორედ მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის გზა, რათა შებრძოლებოდა შრომით ექსპლოატაციასა და სიღარიბეს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოკვლევით მინიმალური ხელფასის დაწესება საოჯახო შრომის სფეროში იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი საშემოსავლო უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულის დასამტკიცებლად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ არაერთი სიმულაციური სცენარი შეიმუშავა და მტკიცებულებაზე დაფუძნებით გამოტანილ იქნა მოცემული დასკვნა.

 

იმისათვის რომ ზემოთ ნახსენები სამუშაო დროსა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები დარეგულირდეს, რამდენიმე გზა არსებობს. ერთი გზა არის ჯარიმები დამსაქმებლისათვის, ასევე მნიშვნელოვანი სამმხრივი დიალოგის საფუძველზე მინიმალური საათობრივი, დღიური და ყოველთვიური ანაზღაურების დაწესება. სამმხრივ დიალოგში ჩართული არიან დასაქმებულები ანუ საოჯახო მშრომელები, დამსაქმებლები და სახელმწიფო. მნიშვნელოვანია რომ მოხდეს მშორმელების საჭიროებების შეფასება, მათი ოჯახური მდგომარეობის აღწერა და სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის გათვალისწინება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე ფლობს მონაცემებს თუ თავიანთი შემოსავლის რა ნაწილს ხარჯავენ დამსაქმებლები საოჯახო მშრომელებისთვის ანაზღაურების გადახდაზე. 39 ქვეყნის მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ ტოპ 15 % ყველაზე მაღალშემოსავლიანი დამქირავებელი თავისი შემოსავლის 1-დან 20 %-მდე ხარჯავს საოჯახო მშრომელისთვის ანაზღაურების გადახდაზე. ILO-ს მონაცემებით (39 ქვეყნის ანალიზი) თუ კი შინამეურნეობების ტოპ 15 ან 20 პროცენტი საოჯახო მშრომელს გადაიხდიდა მინიმალური ხელფასის ტოლფას ანაზღაურებას, მათ ხარჯები მხოლოდ 0.5 %-ით გაეზრდებოდათ მთლიან შემოსავალთან შედარებით. ხშირად წუხან იმაზე, რომ თუკი მინიმალური ხელფასის სტანდარტი დაწესდება და იგი მკვეთრად მაღალი იქნება საოჯახო მშრომელთა ანაზღაურებაზე, დამსაქმებლები უბრალოდ უარს იტყვიან საოჯახო მშრომელების დაქირავებაზე და ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩება. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ეტაპობრივი მიდგომის დანერგვა, ანუ მაგალითად საოჯახო მშრომელთა ხელფასი შეიძლება იყოს ჯერ მინიმალური ხელფასის 70 %, შემდეგ 85 და ა.შ. ეს ხელს შეუწყობს რომ დამსაქმებელი ოჯახები ნელ-ნელა ადაპტირდნენ ცვლილებებთან. მსგავსი რამ მოხდა მაგალითად ჩილეში. ნებისმიერ ვარიანტში, ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა და პრაქტიკა აქვს. სამმხრივი დიალოგის ფორმატში ყველა მსგავსი მონაცემი უნდა იყოს გათვალისწინებული.

 

ცოტაა იმ ქვეყნების რიცხვი (თუმცა მზარდი) სადაც კოლექტიური ხელშეკრულებებით რეგულირდება მინიმალური ანაზღაურების საკითხი. კოლექტიური ხელშეკრულება ხელფასის გაზრდას უწყობს ხელს და ის მინიმალურ ანაზღაურებაზე მეტია. იგი ასევე აწესებს დღიურ და თვიურ მინიმალურ ანაზღაურებას, აკონტროლებს სამუშაო დროს იმ მშრომელებისთვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დამსაქმებელ ოჯახებში. იტალია არის იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა რიგში, სადაც სამუშაო ურთიერთოებები საოჯახო შრომის სფეროში კანონმდებლობითა და კოლექტიური ხელშეკრულებით რეგულირდება ეროვნულ დონეზე. ეს ჯერ კიდევ 1974 წელს მიიღწა იტალიაში. ამჟამად იტალიაში 4 მლნ-მდე ადამიანი არის ხელმომწერი ამ ხელშეკრულებებისა (მათ შორის დამსაქმებლებიც ითვლებიან). ხელშეკრულება არეგულირებს საათობრივ ანაზღაურებას, ბონუსებს საათების გადაჭარბების შემთხვევაში, ღამის მუშაობას და შვებულებას, ასევე სამუშაოზე შესასრულებელი ამოცანების რაობას და სხვა. დაახლოებით მსგავსი სისტემაა განვითარებული ბელგიასა და საფრანგეთშიც.

 

 

სოციალური დაცვა

სოციალური დაცვა ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. მსოფლიოში, ქვეყნების მხოლოდ 60 %-ს გააჩნია სოციალური დაცვის მინიმუმ ერთი მახასიათებელი ან მექანიზმი, რომელიც საოჯახო მშრომელებს ფარავს. ქვეყნების მხოლოდ 15 % კი არის ისეთი, სადაც სოციალური დაცვის ყველა სფეროში და ასპექტში არიან გათვალისწინებული საოჯახო მშრომელები. აღნიშნულ სახელმწიფოთა რიცხვში კი მსოფლიოში მცხოვრებ საოჯახო მშრომელთა 6 % ცხოვრობს მხოლოდ. სოციალური დაცვის სისტემის მიერ საოჯახო მშრომელთა დაფარვა დამოკიდებულია მათ მიერ და დამსაქმებელთა მხრიდან გაღებულ შენატანზე და საკანონმდებლო სისტემის მიერ შრომის სფეროს დანახვაზე. აქედან გამომდინარე, საოჯახო შრომის სფეროს არაფორმალური ბუნება არის ყველაზე ძლიერი ხელის შემშლელი წინაპირობა მშრომელთათვის სოციალური დაცვის მისაღწევად. თუმცაღა, იმ შემთხვევაშიც როცა საოჯახო შრომა საკანონმდებლო თვალსაზრისით აღიარებულია, ბევრი ბარიერი არსებობს ბენეფიტების მიღების გზაზე, პროცედურები ან გაწელილია ან მეტად რთული, მშრომელებს არ აქვთ ინფორმაცია როგორ მიიღონ სარგებელი, შესაბამისად მათ ნაკლები სურვილი უჩნდებათ ჩაერთონ სოციალური დაცვის სქემაში. ჯამურად კი მსოფლიოში, 5 საოჯახო მშრომელიდან მხოლოდ 1 იღებს დასაქმებასთან დაკავშირებულ სოციალურ დაცვას.

სოციალური დაცვის მექანიზმების გარეშე შეუძლებელია ასევე სტანდარტებისა და კანონის აღსრულებაც დასაქმების აღნიშნულ სფეროში. ინფორმაციის ნაკლებობა და ორგანიზების დაბალი დონე ხელს უშლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფას. ინფორმირების ნაკლებობა ეხება დამსაქმებლებსაც.

 

სოციალური დაცვის უზრუნველყოფის კარგი პრაქტიკები

იმისათვის რომ სოციალური დაცვა იქნას უზრუნველყოფილი საოჯახო მშრომელებისათვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ითამაშოს აქტიური როლი. ეს შეიძლება გულისხმობდეს სუბსიდიზაციას დამსაქმებლების ან დასაქმებულების ნაცვლად ნაწილობრივ ან სრულად. მნიშვნელოვანია რომ შენატანების და რეგისტრაციის სისტემა იყოს მარტივად გამართული, ამისათვის კი მისი ცენტრალიზაცია ერთ ინსტიტუციაშია რეკომენდებული. ბელგიასა და საფრანგეთში მაგალითად გამოყენებულია ვაუჩერების სისტემა, რომელსაც რამდენიმე დანიშნულება აქვს. იგი ამსუბუქებს რეგისტრაციისთვის საჭირო ძალისხმევას და ფორმალიზაციას უწყობს ხელს, მას ასევე იყენებენ ანაზღაურების გაცემის მიზნითაც. იქ, სადაც რეგისტრაციისთვის საჭირო ადმინისტრაციული მექანიზმები არაა მორგებული საოჯახო შრომის სპეციფიკაზე, საოჯახო მშრომელთა მნიშვნელოვანი წილი რჩება დაცივს სოციალური დაცვის სისტემის მიღმა. რეგისტრაცია შეიძლება იყოს ონლაინ, ასევე შესაძლებელია მობილური აპლიკაციის გამოყენებაც. თუმცაღა, აღნიშნული მექანიზმების ამუშავებას სჭირდება დიდი საინფორმაციო კამპანია, ასევე პოლიტიკური ნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ უზრუნველყოს წამახალისებელი მექანიზმები. მსგავსი მექანიზმები ამოქმედებულია მაგალითად ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში-თურქეთში. ბევრ ქვეყანაში კარგად იმუშავა დამსაქმებლების სასარგებლოდ ფისკალური ინიციატივების შემოღებამ - მაგალითად ფინეთში და გერმანიაში დამსაქმებელთა შენატანები გადასახადებისგან თავისუფლდება.

 

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მექანიზმების მიღწევა და საოჯახო მშრომელებისთვის ღირსეული სამუშაო ანაზღაურებისა და საათობრივი რეგულირების უზრუნველყოფა მოითხოვს დიდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის ძალისხმევას, მათ შორის განსაკუთრებით კი მედიის ჩართულობას და საკითხის გაშუქებას. ამ თვალსაზრისით საჭიროა აქტიურად იმუშავონ მშრომელთა გაერთიანებებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და ასევე სახელმწიფომაც. უკვე არაერთი ქვეყნის მაგალითი (მათ შორის დაბალშემოსავლიანი და ღარიბი აფრიკის ქვეყნები) აჩვენებს რომ ქვემოდან წამოსული აქტივობით შედეგი იქნა მიღწეული.

 

წყარო: აღნიშნული მონაცემები და ძირითადი შინაარსი მოტანილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიშიდან სახელწოდებით "ვაქციოთ ღირსეული შრომა საოჯახო მშრომელთათვის რეალობად": https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---dgreports/---dcomm/---publ/documents/publication/wcms_802551.pdf 

 

 

 

 

კომენტარები :

ჩვენ შესახებ

Nostrum ullam porro iusto. Fugit eveniet sapiente nobis nesciunt velit cum fuga doloremque dignissimos asperiores


შემოგვიერთდი facebook ზე